logo
ENG



უკანონო მშენებლობები, ბიუჯეტის ფლანგვა, უხარისხო ინფრასტრუქტურა - დარღვევები ბორჯომში

27 თებ 202113:53
3 წუთის საკითხავი
 

უკანონო მშენებლობები, ბიუჯეტის არაგეგმაზომიერი ხარჯვა, უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები - აუდიტის სამსახური ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, ბორჯომის თვითთმმართველ მუნიციპალიტეტში არ იყო უზრუნველყოფილი ფინანსური რესურსებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის საკითხი. 

​მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018-2019 წლებში, შესაბამისად, 29% და 14% დააკლდა", - ვკითხულობთ დასკვნაში.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, აუდიტის დასკვნის მიხედვით, არის უკანონო მშენებლობები. როგორც უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტი არ ატარებს კანონით განსაზღვრულ ღონისძიებებს უკანონო მშენებლობების აღსაკვეთად.

„მუნიციპალიტეტში სათანადოდ არ ფუნქციონირებს უკანონო მშენებლობების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების კონტროლის სისტემა. შედეგად, დაბა ბაკურიანში კერძო პირების მიერ მშენებლობების უკანონოდ წარმოება სისტემურ ხასიათს ატარებს. თავის მხრივ, მერია მშენებლების მიმართ არ ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო ღონისძიებებს", - წერია დოკუმენტში.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, მუნიციპალიტეტმა 413 ათას ლარზე მეტი თანხა დახარჯა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებში, რაც ხარისხის კონტროლის პრობლემურობაზე მიანიშნებს.

„სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, მუნიციპალიტეტში აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2018-2019 წლებში 413.4 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო შესრულებულია უხარისხოდ და დაზიანებულია", - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

დასკვნაში საუბარია უფასო ავტოსადგომებზე არაუფლებამოსილი პირების საქმიანობაზეც. მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომში პარკირება უფასოა, ზემოხსენებული პირები პარკირების საფასურს აგროვებენ.

„მერიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ავტოსადგომებზე არაუფლებამოსილი პირები ახორციელებდნენ პარკირების საფასურის აკრებას, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ავტოსადგომით სარგებლობა ბორჯომის ტერიტორიაზე არის უფასო".


close დახურვა