ოკუპანტების მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძე ოჯახმა ციხეში მოინახულა.
როგორც მისი ცოლი, ირმა ბუთხუზი აცხადებს, გახელაძე უიმედოდაა განწყობილი.
ირმა ბუთხუზის განცხადებით, გახელაძეს საპატიმროში ეუბნებიან, რომ მის გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ მუშაობს.
ამასთან, მისივე თქმით, ზაზა გახელაძეს ციხეში მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი გაცვლა შესაძლებელია ოს მოქალაქეში, რომელიც სასჯელს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იხდის.
"ერთადერთი რაც არის, ეს არის უიმედობა. მართალია, ბავშვებთან ეს არ გამოამჟღავნა და არ იძახდა, რომ დიდი ხანი იქნებოდა კიდევ ციხეში, მაგრამ მერე უკვე თქვა, რომ დიდი იმედი მომეცა, ორი რუსი მესაზღვრე რომ დაიჭირეს ჩვენებმა, მეგონა ამაში გამცვლიდნენო, მაგრამ ორ საათში მომიკვდა ეს იმედიო. მითხრა, ნუთუ რა გაუხდა საქართველოს, რატომ ვერ ელევიან ქართველები, თუნდაც ერთ ოსს, რომ პატიმარში გამცვალონო. იციან იქ, რომ ჩვენებს ჰყავთ ვიღაც, რომელსაც ითხოვენ ისინი და ამაზე ზაზას ეუბნებიან, რომ არ გცვლიან, თქვენი ხელისუფლება სათანადოდ არ მუშაობსო", - აცხადებს ირმა ბუთხუზი.
ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.