დღეიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი იწყება, დღეს დილიდან უკვე დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, 21:00 საათამდე.
ავტომობილებით გაადაადგილება აკრძალულია მხოლოდ იმ მუნიციპალიტეტებში და ადმინისტრაციულ ერთეულებიში სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული.
მიმოსვლა 2 დღით აღდგება საქართველოს 4 დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. თუმცა, გადაადგილება მხოლოდ საგამონაკლისო წესით მოხდება.
როგორც „ფორმულასთან“ საუბარში თბილისში მომავალი მძღოლები ამბობენ, მათ არანაირი შემოწმება არ ჩაუტარეს.
„კასპის რაიონიდან მოვდივარ, ახლო გზიდან გადმოვედი და არავინ დამხვედრია. თბილისში მივდივარ. ჯერ არავის შევუმოწმებივარ“, - აცხადებს მოქალაქე.
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსუბუქი ავტომობილების აკრძალვის გამო, ძალიან დიდი დისკომფორტი ჰქონდათ, ხოლო ზოგიერთ მათგან ლუკმა-პურის ფულიც აღარ ჰქონდა დარჩენილი.
მოქალაქე დავით ამაშუკელის თქმით, მას ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ფეხით გადაადგილება უწევდა.
„ძალიან დისკომფორტი იყო. ქალაქის თავიდან თითქმის ბოლოში ფეხით ვმოძრაობდი“, - განაცხადა ამაშუკელმა.
თამაზ დეისაძე კი ამბობს, რომ დანაზოგი უკვე გამოლეული ჰქონდა.
„უკვე უფულოდ ვარ, ცოტა დანაზოგი მქონდა. მანქანა როგორ „გავაზაპრავკო“ არ ვიცი“, - აცხადებს დეისაძე.
ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. საგანგებო მდგომაროება ქვეყანაში 22 მაისამდე გაგრძელდება.
17 აპრილიდან აკრძალული იყო მსუბუქი ავტომობილებით გადაადილებაც.