ფრაქცია "ხალხის მსახურის" სახალხო დეპუტატმა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იეჰორ ჩერნევმა განაცხადა, რომ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ, მოითხოვა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რუსი დამნაშავეების დასასჯელად და რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.
"NATO-ს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებებს. ასეთი ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გაასამართლოს არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო დამნაშავეები, არამედ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობაც. რეზოლუცია გაეგზავნება NATO-ს წევრი ყველა ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტს." - განაცხადა ჩერნევმა.
მისი თქმით, რეზოლუცია შეიცავს უკრაინისთვის არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას:
- უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდა;
- უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების შემუშავება;
- უკრაინისთვის მიყენებული ზიანისათვის რუსეთის ფედერაციისგან რეპარაციების აღების მექანიზმის შექმნა.
ჩერნევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეზოლუცია ითვალისწინებს პრინციპს, რომ NATO მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება.
"ამ რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც ასახავს დასავლეთის საპარლამენტო წრეებში არსებულ განწყობას და, შესაბამისად, გავლენას ახდენს ქვეყნების ხელმძღვანელობაზე გადაწყვეტილების მიღებისას."- განმარტა უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში.
მისი თქმით, უკრაინის პოზიცია ტრიბუნალის შექმნასთან, რეპარაციების გადახდასთან და რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად იღებს მხარდაჭერას უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმებზე.
"კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, სამხედრო დანაშაულებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ხანდაზმულობის ვადა, აგრესიის დანაშაულისთვის, სასჯელი გარდაუვალი იქნება. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ." - განაცხადა ჩერნევმა.