logo
ENG



უკრაინა: ომის დანაშაულები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე

03 აპრ 202213:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/03/sme4v72ql29lnaw.jpg
2022 ARIS MESSINIS/AFP via Getty Images

Human Rights Watch-მა აღრიცხა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რუსული სამხედრო ძალები არღვევდნენ ომის კანონებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩერნიგოვის, ხარკოვისა და კიევის რეგიონების ოკუპირებულ რაიონებში. მათ შორისაა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ უკანონო ძალადობის, მუქარისა და მკვლელობის შემთხვევები, 2022 წლის 27 თებერვლიდან 14 მარტამდე. ჯარისკაცები ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო ქონების, მათ შორის საკვების, ტანსაცმლისა და შეშის ძარცვაში. ისინი, ვინც ჩაიდინეს ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, პასუხისმგებელნი არიან ომის დანაშაულებზე.

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა განაცხადა, რომ:

"ჩვენ მიერ დოკუმენტირებული საქმეები წარმოადგენს აღუწერელ, მიზანმიმართულ სისასტიკეს და ძალადობას უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. გაუპატიურება, მკვლელობა და სხვა ძალადობრივი ქმედებები რუსული ძალების ტყვეობაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ უნდა იქნას გამოძიებული, როგორც ომის დანაშაულები." - თქვა უილიამსონმა.

Human Rights Watch-მა გამოკითხა 10 ადამიანი, მათ შორის მოწმეები, დაზარალებულები და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ადგილობრივი მაცხოვრებლები. ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი თავის დასაცავად უარი განაცხადა ვინაობის გამხელაზე. 

4 მარტს ​ ბუჩაში, კიევის ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში, რუსულმა ძალებმა ხუთი კაცი დაატყვევეს და ერთი მათგანი მოკლეს. მოწმემ Human Rights Watch-ს განუცხადა, რომ ჯარისკაცებმა კაცებს აიძულეს გზაზე დაჩოქება, მაისურები თავზე შემოახვიეს და ერთ-ერთ მამაკაცს თავში ესროლეს. 

27 თებერვალს, ჩერნიგოვის რაიონის სოფელ სტარი ბიკივში, რუსულმა ძალებმა დააკავეს ექვსი მამაკაცი და მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს. ამაზე ერთ-ერთი მოკლულის დედა საუბრობს, რომელმაც ექვსივე ცხედარი საკუთარი თვალით ნახა.

60 წლის მამაკაცმა Human Rights Watch-ს განუცხადა, რომ სოფელ ზაბუჩჩიაში, რუსი ჯარისკაცი მოკვლით დაემუქრა მას და მის შვილს, მას შემდეგ რაც მათი სახლი გაჩხრიკეს და ეზოში სანადირო თოფი და ბენზინი იპოვეს. 

6 მარტს, სოფელ ვორცელში, კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 50 კილომეტრში, რუსმა ჯარისკაცებმა კვამლის ყუმბარა სარდაფში ჩააგდეს, შემდეგ კი ქალს და 14 წლის ბავშვს ესროლეს, როდესაც ისინი სარდაფიდან გამოვიდნენ.  

Human Rights Watch-ს უკრაინელმა ქალმა განუცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცმა ხარკოვის რეგიონის სკოლაში არაერთხელ გააუპატიურა, სადაც ის და მისი ოჯახი იმყოფებოდნენ. მან თქვა, რომ ჯარისკაცმა  სცემა და დანით სახე და კისერი დაუსერა. მეორე დღეს ქალი ხარკოვში გაიქცა, სადაც მკურნალობა და სხვა საჭირო მომსახურება მიიღო. Human Rights Watch-მა განიხილა ორი ფოტო, სადაც ქალის სახის დაზიანებები ნაჩვენები იყო.

Human Rights Watch-ის თქმით ბევრი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც მათ გამოკითხეს, აღწერს, რომ რუსული ძალები იღებდნენ საკვებს, შეშას, ტანსაცმელს და სხვა ნივთებს, როგორიცაა ხერხები, ცულები და ბენზინი.

უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ან ომის კანონები, მათ შორის ჟენევის 1949 წლის კონვენციები, ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი პროტოკოლი და საერთაშორისო სამართალი. მეომარი შეიარაღებული ძალები, რომლებსაც აქვთ ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე, ექვემდებარებიან ოკუპაციის საერთაშორისო კანონს. ასევე მოქმედებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, რომელიც ნებისმიერ დროს გამოიყენება.

ომის კანონები კრძალავს განზრახ მკვლელობას, გაუპატიურებას და სხვა სექსუალურ ძალადობას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დატყვევებული მებრძოლების და ტყვეობაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ასევე აკრძალულია ძარცვა. ნებისმიერი, ვინც გასცემს ბრძანებას ან განზრახ ჩაიდენს ასეთ ქმედებებს, ან ეხმარება და ხელს უწყობს მათ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე. ძალების მეთაურებს, რომლებმაც იცოდნენ ან ჰქონდათ მიზეზი, სცოდნოდათ ასეთი დანაშაულების შესახებ, მაგრამ არ ცდილობდნენ მათ შეჩერებას ან პასუხისმგებელი პირების დასჯას, ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებისთვის.

"რუსეთს აქვს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება, მიუკერძოებლად გამოიძიოს მისი ჯარისკაცების სავარაუდო სამხედრო დანაშაულები. მეთაურებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მკვლელობისა და გაუპატიურების წინააღმდეგ მოქმედების შეუსრულებლობამ შესაძლოა ისინი პირადად პასუხისმგებელი გახადოს ომის დანაშაულებებზე, როგორც სარდლობის პასუხისმგებლობის საკითხი".- თქვა უილიამსონმა.


close დახურვა