უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. 11 საათის შემდეგ ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მტრის ყველა რაკეტა ჩამოგდებულია.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მტერმა ისკანდერისა და S-300-ის რაკეტები გამოიყენა.
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ ობოლონსკისა და პოდოლსკის რაიონებში რაკეტების ნამსხვრევები საავტომობილო გზას და ორ სართულიანი სახლის სახურავს დაეცა, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, 1 ადამიანი დაშავდა.
კიევის გარდა, საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო პოლტავის, ჩერკასკის, ვინიცის, ჩერნიგოვის, სუმის, ხმელნიცკისა და ჟიტომირის რეგიონებში. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
28 მაისს, რუსმა ოკუპანტებმა კიევზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. უკრაინულმა ძალებმა რუსების 60-ზე მეტი დრონი და საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს. უკრაინელი ოფიციალური პირები დრონების ამ თავდასხმას ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურად აფასებენ.