უკრაინელი სამხედროები, რომლებიც კუნძულ ზმეინიზე მსახურობდნენ ცოცხლები არიან და რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს.
24 თებერვალს რუსმა სამხედროებმა კუნძულზე კონტროლი დაამყარეს. სოციალურ ქსელში კი გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის, რომ რუსები უკრაინელებისგან ჩაბარებას ითხოვენ, თუმცა ამ უკანასკნელებმა გემს შეაგინეს: "რუსულო გემო, იდი ნა ხუი".
ამის შემდეგ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა უკრაინელი სამხედრო კუნძულზე დაიღუპა. თუმცა რუსეთში ამბობდნენ, რომ 82 პირი ტყვედ აიყვანეს.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, 26 თებერვალს კუნძულის მიმართულებით სამოქალაქო გემი დაიძრა, რათა ჰუმანიტარული დახმარება გაეწიათ, თუმცა ეს გემიც რუსებმა ტყვედ აიყვანეს.
"სამოქალაქო გემის არაკანონიერი დაკავება, არ ასრულებდა რაიმე სამხედრო ამოცანას, არის ომის წესების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა. მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან უკრაინის უკანონოდ დატყვევებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.