კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებით, გუშინ ღამით, უკრაინელებმა კიევისკენ მიმართული მტრის ყველა სამიზნე გაანადგურეს.
პოპკოს თქმით, გუშინ ღამით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქს რაკეტებით შეუტიეს. ამასთან, მან Telegram-ზე დაწერა, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევამდე არც ერთ საჰაერო სამიზნეს არ მიუღწევია.
"წინასწარი ინფორმაციით, დედაქალაქამდე არც ერთ საჰაერო სამიზნეს არ მიუღწევია. ყველაფერი, რაც ქალაქისკენ მოემართებოდა, საზენიტო ცეცხლით განადგურდა", - წერს კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
უკრაინის ცნობით, გუშინ ღამით, უკრაინის მასშტაბით, მათ შორის კიევის რეგიონში, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. აფეთქებების ხმა ისმოდა კიროვოგრადის ოლქის ქალაქ კროპივნიცკიში.
ამასთან, გუშინ გვიან ღამით, რუსებმა სარაკეტო იერიში დნიპროზე მიიტანეს, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვია. ნანგრევებიდან კი 2 წლის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.