უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.
უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აცხადებს, რომ 2008 წლის ომზე მსოფლიო საზოგადოებისგან არასათანადო პასუხს მოჰყვა უკრაინაში რუსეთის შეჭრა 2014 და 2022 წლებში.
უკრაინის საგარეო უწყების თქმით, უნდა მოხდეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია. უკრაინის აზრით. აგრესორი რუსეთის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებითა და დაზარალებული ქვეყნების დახმარებითაა შესაძლებელი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელი სახით გთავაზობთ:
7 აგვისტოს 14 წელი შესრულდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყების შემდეგ. ათწლეულზე მეტია, რაც რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ოკუპაციის ქვეშ ტოვებს და მწვავედ არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე.
უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე მსოფლიო საზოგადოებისგან არასათანადო პასუხის შემდეგ, 2014 წელს რუსეთმა გააგრძელა თავისი აგრესიული ქმედებები უკრაინაში - მოახდინა ყირიმისა და დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილობრივი ოკუპაცია, და 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო სრულ მასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შესაძლებელია, რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევის, რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებზე მკაფიო თანხმობით და იმ ქვეყნებისადმი ყოვლისმომცველი დახმარებით, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთი აგრესიას მიმართავს.
რუსეთმა უნდა მოახდინოს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილების დეოკუპაცია და რუს ომის კრიმინალებს უნდა დაეკისროთ უმკაცრესი პასუხისმგებლობა.
2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.
2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.