logo
ENG



უკრაინა: ჩვენი სამხედროები კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ

13 აგვ 202422:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/13/mdon2bhxxnw0bs6.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.

"მიუხედავად რთული და ინტენსიური ბრძოლებისა, ჩვენი ძალები განაგრძობენ წინსვლას კურსკის ოლქში და ჩვენი [ტყვეთა] “გაცვლითი ფონდი” იზრდება", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯარებს ახალი რუსი სამხედრო ტყვეების აყვანისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის დაკავებულ ტერიტორიებზე ატარებენ შემოწმებებს და სტაბილიზაციურ ღონისძიებებს. ის ამბობს, რომ ამ ტერიტორიებისთვის გრძელდება ჰუმანიტარული მოგვარების საკითხების შემუშავება. 

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.


close დახურვა