გერმანული მედიის ცნობით, უკრაინა გერმანიიდან 11 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს მიიღებს.
დახმარების პაკეტი მოიცავს ზამთრისთვის საჭირო თბილ ფორმებს, კარვებს და საბრძოლო მოქმედებების აღჭურვილობას.
19 სექტემბერს, უკრაინამ გერმანიიდან Mars II და ჯავშანტრანსპორტიორი Dingo მიიღო. ამავე დღეს, გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინაში კიდევ ოთხ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს, Panzerhaubitze 2000 და საბრძოლო მასალას გაგზავნის.
26 სექტემბერს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანია უკრაინას ტანკებს არ გადასცემს, რადგან შესაძლოა კონფლიქტი NATO-სა და რუსეთს შორის ომში გადაიზარდოს. შოლცის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, გერმანიამ უკრაინასთან დამოკიდებულება შეცვალა, რადგან ბერლინმა კიევს დიდი რაოდენობით ეფექტური იარაღი მიაწოდა. ამასთან, ის ამბობს, რომ გერმანია უკრაინის დასახმარებლად ბევრს აკეთებს.
მანამდე გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის €700 მილიონი გამოყო. სამხედრო დახმარების პაკეტი თანამედროვე არტილერიასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.