logo
ENG



უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს გმობს

08 სექ 202316:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/08/fmhs84bebda5f7e.jpg
Alexander Ermochenko/Reuters

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში საოკუპაციო ძალების მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ადგილობრივ არჩევნებს ატარებენ - უკრაინული მხარე ამას პროპაგანდულ ნაბიჯს უწოდებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები "ყალბი" და "მოჩვენებითია".

ე.წ. არჩევნები დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ყირიმის ოლქებში მიმდინარეობს - ის 8 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს ე.წ. არჩევნები უფრო მეტად არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"რუსეთის ყალბი არჩევნები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის აზრს მოკლებული. მას არ ექნება სამართლებრივი შედეგები და არ მოიტანს არავითარ ცვლილებას რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მიტაცებული უკრაინის ტერიტორიების საერთაშორისო სტატუსთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში უწყება საერთაშორისო ორგანიზაციებს ე.წ. არჩევნების დაგმობისკენ მოუწოდებს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ "არჩევნების" დაწყებამდე ევროპის საბჭომ ამ ნაბიჯს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.

მათი განცხადებით, ეს ტერიტორიები უკრაინის განუყოფელ ნაწილად დარჩება. თუმცა რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები "არჩევნებს" ოკუპირებული რეგიონებისთვის გადამწყვეტი მომენტად მიიჩნევენ.


close დახურვა