უკრაინის გაზის გადასატანი სისტემის ოპერატორი (GSTOU) აცხადებს, რომ რუსეთიდან ევროპისკენ უკრაინის გავლით გაზის ექსპორტი გაზსადენის რამდენიმე მნიშვნელოვან სადგურზე რუსეთის თავდასხმისა და ოკუპაციის გამო ვეღარ მოხერხდება.
მათი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად, გაზის გადასატანი რამდენიმე შენობა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვდა, რის გამოც ოპერატორს აღარ აქვს კონტროლი ნოვოპსკოვისა და სხვა სადგურებზე.
“უკრაინის გაზის გადატანის სისტემის ოპერატორის ცნობით, ფორსმაჟორული სიტუაცია „სოხრანივკაში“ და „ნოვოპსკოვის“ კომპრესორ სადგურში, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს, გაზის ტრანსპორტირებას შეუძლებელს ხდის. „ნოვოპსკოვი“ უკრაინის პირველი კომპრესორი სადგურია ლუჰანსკის რეგიონში, რომლის გავლითაც რუსეთიდან ევროპაში გაზის თითქმის 1/3 გადის", - წერია განცხადებაში.
GSTOU-ს ცნობით, ამ დროისთვის ევროპელი პარტნიორებისადმი ვალდებულებების განხორციელება „საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელშემშლელი ქმედებების გამო შეუძლებელია".
გარდა ამისა, უწყების თქმით, საოკუპაციო ძალების მხრიდან ტექნიკურ პროცესებსა და გადასატანი პუნქტების ოპერაციებში შეტანილი ცვლილებები, მათ შორის გაზის ტრანზიტული დინებიდან გაზის უკანონო გაყიდვა, უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ხელს უშლის.
შედეგად კომპანიამ გადაწყვიტა დღეს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, შეწყვიტოს ოპერაციები სოხრანივკას გაზის შემფასებელ პუნქტში და ნოვოპსკოვის სასაზღვრო კომპრესორ (გაზის თხევადად ქცევის) სადგურში, საიდანაც ყოველდღიურად რუსეთიდან ევროპის მიმართულებით მთლიანი მოცულობის დაახლოებით მესამედი - 3.2 მილიონი კუბური მეტრი გაზი გადის.
უკრაინა აცხადებს, რომ ის გაზი, რაც ქვეყნის მიღმა ვერ გააღწევს, დროებით სოხრანივკადან სუდჟას პუნქტში შეიძლება გადაიტანონ, რაც ასევე უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ მიწოდებული გაზის სხვა პუნქტში გადატანა ტექნოლოგიურად შეუძლებელია.