უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან საკუთარი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.
"საქართველოში უკრაინის საელჩოს დიპლომატები ელოდებიან დასტურს, რათა დღეს მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი, თანამშრომლობენ ადვოკატებთან და უფლებადამცველებთან, ასევე, რეგულარული კონტაქტი აქვთ ახლობლებთან.
უკრაინა შემდგომშიც გააგრძელებს განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობას უკრაინელი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და მის ქვეყანაში დაბრუნებას", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა.
მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად".
სახელმწიფო დეპარტამენტი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 19 ნოემბერს ელენე ხოშტარიამ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და გადასხმებზე უარი თქვა.