logo
ENG



უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცეს მიხეილ სააკაშვილს

11 ნოე 202121:54
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცეს მიხეილ სააკაშვილს

უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს და დაუშვებლად მიიჩნევს ძალადობის გამოყენებას მის მიმართ - ეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიკოლა ტოჩკისკიმ განაცხადა უკრაინაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარეიშვილთან შეხვედრის დროს.  

დიპლომატი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში კვირის განმავლობაში მეორედ დაიბარეს. 

"მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა უკრაინის ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისადმი ღირსეული მოქცევის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოუყენებლობის შესახებ". - აცხადებს საგარეო უწყება. 

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

ვიდეომასალის მიხედვით, რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მიათრევს. 8 ნოემბერს, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო საავადმყოფოში მიჰყავდათ. როცა ტყუილის შესახებ შეიტყო, ექსპრეზიდენტმა რუსთავის ციხეში დაბრუნება მოითხოვა და კლინიკაში შესვლაზე უარი განაცხადა. 

ადვოკატების განცხადებით, კადრებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. 


close დახურვა