logo
ENG



უკრაინა უნგრეთს: რუსული გაზისთვის რუბლში გადახდა უკრაინისადმი არამეგობრული პოზიციაა

07 აპრ 202215:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/07/lycxxcoao3ljacn.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ უნგრეთის მზაობა რუსული გაზისთვის რუბლებში გადაიხადოს, უკრაინისადმი არამეგობრული პოზიციაა, რომელიც ევროკავშირის ერთიან გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

საგარეო სამინისტროს სპიკერის განცხადებით, რუსეთის მხრიდან გადახდების ეროვნულ ვალუტაში მიღების გადაწყვეტილება, როგორც სანქციების ფონზე რუსული ეკონომიკის გადარჩენას, ასევე რუსული სამხედრო მანქანის ფინანსურ მხარდაჭერას ემსახურება.

„რუსეთი ცდილობს ევროპაში გაზის მიწოდების სანაცვლოდ გადახდები ეროვნულ ვალუტაში გადაიტანოს, რათა გადაარჩინოს საერთაშორისო სანქციების წინაშე მყოფი რუსული ეკონომიკა. რუსეთის სამხედრო მანქანას უკრაინაში ომის გასაგრძელებლად რესურსები სჭირდება.

ამ კონტექსტში, მიგვაჩნია, რომ რუსული გაზისთვის რუბლებში გადახდისადმი მზაობა ჩვენი სახელმწიფოსადმი არამეგობრული პოზიციაა. ასეთი განცხადებები ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის ერთიან პოზიციასაც, რომელმაც რუსეთის კაპრიზზე უარი პრინციპულად თქვა“, - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ახლა უნგრეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების ბუდაპეშტში გამართვა „ცინიკურად გამოიყურება“ და თუ უნგრეთს ომის დასრულება სურს, ის რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს უნდა შეუერთდეს და უკრაინას სამხედრო დახმარება გაუგზავნოს.

„ამ ფონზე, უკრაინასა და რუსეთს  შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ბუდაპეშტში გამართვის შეთავაზებები ცინიკურად გამოიყურება. თუ უნგრეთს ნამდვილად სურს ამ ომის დასრულებაში დახმარება აი, როგორ უნდა მოიქცეს: შეწყვიტეთ ევროკავშირის ერთიანობის ნგრევა, მხარი დაუჭირეთ ახალ ანტი-რუსულ სანქციებს, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიეთ და რუსეთის სამხედრო მანქანისთვის დაფინანსების დამატებითი წყაროები არ შექმნათ", - წერია განცხადებაში.

ნიკოლენკოს თქმით, რომ უკრაინელებსა და უნგრელებს საუკუნეების განმავლობაში ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული კავშირები აქვთ. ბუდაპეშტის ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია კი რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უწყობს ხელს, რაც სახიფათოა როგორც უკრაინის, ასევე უნგრეთის მოსახლეობისთვის.

„უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან სურვილის არ ქონა, აღიაროს რუსეთის არასადავო პასუხისმგებლობა ბუჩაში, ირპენში, გოსტომელსა და სხვა დასახლებებში რუსული ჯარების სისასტიკეზე, ნიშნავს რუსეთის დაუსჯელობის შეგრძნების გაცნობიერებულ გაძლიერებას და უკრაინელების მიმართ ახალი სისასტიკეების ჩადენის წახალისებას", - აცხადებს უკრაინის საგარეო სამინისტროს სპიკერი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ თუ რუსეთის მხრიდან ასეთი მოთხოვნა იქნება, მზად არის, რუსული ბუნებრივი აირის საფასური რუბლებით გადაიხადოს. 

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. 


close დახურვა