logo
ENG



უკრაინა წითელ ჯვარს ჰუმანიტარული კორიდორების შექმნაში დახმარებას სთხოვს

04 მარ 202214:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/04/qyd0dqjyu9l149c.jpg

ჰუმანიტარული კორიდერების მოწყობაზე რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინა წითელ ჯვარს კორიდორების ორგანიზებაში დახმარებას სთხოვს. განცხადებას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

"უკრაინის სახელმწიფო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს საჭირო ქმედებები ჰუმანიტარული კორიდორების ორგანიზებისთვის და თავის მხრივ, მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რაც მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვისაა საჭირო“, - წერია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში. 

ახლა უკრაინის მრავალი ქალაქი და სოფელი ჰუმანიტარული კატასტროფის საშიშროების წინაშე დგას. დასახლებებში მოსახლეობას არ აქვს საკმარისი საჭმელი, წყალი, წამლები, არაა ელექტროენერგიაც. ათასობით ადამიანი საჭიროებს ევაკუაციას.

„უკრაინამ ყველა საჭირო განაცხადი გააკეთა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა შეიქმნას სპეციალური კორიდორები ყველაზე საჭირო ნივთების მიწოდებისა და სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაციისთვის. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ გვქონდა თანხმობა რუსეთის მხარისგან. შეთანხმება მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შედეგია და გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების დახმარებას“, - აცხადებს ოლგა სტეფანიშინი, ევროპაში ინტეგრაციის ვიცე პრემიერმინისტრი.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 3 მარტს გაიმართა. უკრაინამ მისთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღო.

მხარეები ჰუმანიტარული კორიდორების შექმნაზე შეთანხმდნენ და განიხილეს კორიდორების ადგილებში ევაკუაციის დროს ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესაძლებლობა. ორივე მხარე ადასტურებს, რომ იგეგმება მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც.


close დახურვა