ვაშინგტონში უკრაინისა და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კლაუს იოჰანისმა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს.
ცნობილია, რომ, შეთანხმების მიხედვით, რუმინეთი კიევს პატრიოტის ტიპის სისტემებს გადასცემს და ამასთანავე, ხელს შეუწყობს ყველა საჭირო ტექნიკის სწრაფ ტრანზიტს მისი ტერიტორიის გავლით.
შეთანხმება მოიცავს პუნქტებს შავ ზღვასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, რუმინეთი დაეხმარება უკრაინას შავი ზღვის განაღმვით სამუშაოებში და დახმარებას გაუწევს მას ევროკავშირისა და NATO-ს ინსტრუმენტების საშუალებით.
გარდა ამისა, რუმინეთი, მოკავშირეებთან ერთად, მხარს დაუჭერს F-16 სასწავლო ცენტრს უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად. დოკუმენტის ცალკეული სექციები კი შეეხება დაზვერვისა და კონტრდაზვერვის, კიბერუსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული განაღმვის, სანქციებისა და უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის საკითხებს.
მხარეებმა შეთანხმებას ხელი G7-ის მიერ შედგენილი უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაციის შესაბამისად მოაწერეს ხელი. საერთო ჯამში, უკრაინას 24 პარტნიორთან აქვს უსაფრთხოების შეთანხმება გაფორმებული.