უკრაინამ ევროკავშირთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციები დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კონსულტაციების პირველი რაუნდი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული საგარეო მოქმედებების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, შარლ ფრისთან დაიწყო.
კონსულტაციების დროს მხარეებმა გაცვალეს ხედვები ევროკავშირის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებზე და აქცენტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სეგმენტზე გააკეთეს.
როგორც ჟოვკვამ აღნიშნა, უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში თავისთავად იქნება უკრაინისა და მთლიანად ევროპული საზოგადოების უსაფრთხოების მძლავრი გარანტია.
უკრაინამ მსგავსი კონსულტაციები დაიწყო გერმანიასა და იტალიასთან, მანამდე კი ნიდერლანდებსა და საფრანგეთთან.
12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტის დასასრულს დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, დიდი შვიდეულის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება გრძელვადიანი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
დიდი შვიდეულის ქვეყნების დახმარება მოიცავს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სფეროებში. ასევე, წვრთნებს უკრაინელი ძალებისთვის, სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას და დაცვას კიბერშეტევებისგან.