უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პრორუსი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის ცოლი, ოქსანა მარჩენკო ძებნაში გამოაცხადა.
მარჩენკო ეჭვმიტანილია იმ ქმედებების დაფინანსებაში, რომლებიც ჩადენილია კონსტიტუციური წყობის იძულებით შეცვლის ან დამხობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, უკრაინის ტერიტორიის ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მიზნით.
თებერვალში სასამართლომ მარჩენკოს 152 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება დააპატიმრა. დაპატიმრებულია მათ შორის ენერგეტიკულ საწარმოებში აქციების პაკეტები, რომლებსაც მარჩენკო ხუთი ოფშორული კომპანიის გავლით ფლობს. სასამართლომ ასევე ჩამოართვა ორი მიწის ნაკვეთი, ოთხი საცხოვრებელი სახლი კიევსა და ანექსირებულ ყირიმში და ათი მანქანა.
მარჩენკოს ქონების კიდევ ერთი ნაწილი სასამართლომ მარტში დააკავა.
უკრაინული მედიის ცნობით, მარჩენკომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.
ვიქტორ მედვედჩუკი ომის დაწყების შემდეგ აკრძალული პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია. ცნობილია, რომ მედვედჩუკი პუტინის მეგობარია, ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა. 2021 წლის მაისიდან სახელმწიფო ღალატის ბრალდებით მედვედჩუკი შინაპატიმრობაში იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი გაიქცა. გასული წლის აპრილში მედვედჩუკი დააკავეს, რამდენიმე თვეში კი უკრაინელ სამხედროებში გაცვალეს.