უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს სანქციები დაუწესა.
ზელენსკის განკარგულების მიხედვით სანქციები 10 წლის ვადით დაწესდა და მოიცავს უკრაინაში ასადის აქტივების გაყინვას, უკრაინის ტერიტორიაზე მისი ნებისმიერი სავაჭრო ოპერაციის გაუქმებას.
სანქციები ასევე შეეხოთ სირიის პრემიერმინისტრს ჰუსეინ არნუსსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ფაისალ ალ-მიქდადს.
ჯამში უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში 300 ადამიანი და 141 კომპანიაა.
14 მარტს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ჩავიდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
კრემლის ცნობით, ლიდერებმა პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობა განიხილეს.
შეხვედრისას სირიის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთისადმი მხარდაჭერა გამოხატა და თქვა, რომ კრემლი უკრაინაში "ნეონაცისტებს ებრძვის".