უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში დღეს დილით ჩამოასვენეს.
აეროპორტის ტერიტორიაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გმირულად დაღუპულ მებრძოლს პატივი მიაგეს, სანთლები აანთეს და საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს.
არკადი კასრაძე 16 აპრილს უკრაინის ქალაქ რუბეჟნოეში რუსი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლისას დაიღუპა.
უკრაინაში რუსებთან ბრძოლაში 16 აპრილს კიდევ 2 ქართველი მებრძოლი ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა დაიღუპა.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძის ინფორმაციით ორივე მათგანის ცხედრებს თბილისში ხვალ, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
***
უკრაინაში რუსეთის აგრესიას 9 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი საქართველოში 15 აპრილს ჩამოასვენეს და უკვე დაკრძალეს. ორივე მათგანი იზიუმში ბრძოლისას დაიღუპა.
დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში მარტის ბოლოს ჩამოასვენეს და დაკრძალეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ მებრძოლ, ბახვა ჩიქობავას მისი გადმოსვენება მარიუპოლის ბლოკადის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.