logo
ENG



უკრაინაში მებრძოლმა ყოფილმა პატიმრებმა პუტინს მიმართეს, რომ დაპირებულ ანაზღაურებას არ იღებენ

25 იან 202423:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/26/njwf0tjp9ts9mvf.jpg

ყოფილმა პატიმრებმა "შტორმ Z" დანაყოფიდან, რომლებიც უკრაინაში ომიდან დაბრუნდნენ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წერილობით მიმართეს და განაცხადეს, რომ დაპირებულ ხელფასებსა და ანაზღაურებებს ვერ იღებენ. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ არ იღებენ დოკუმენტებს კრიმინალური ჩანაწერების გაუქმების შესახებ.

ყოფილი პატიმრების მიმართვა გამოცემა IStories-მა მოიპოვა. მიმართვის ავთენტურობა გამოცემას მისმა ერთ-ერთმა ავტორმა დაუდასტურა.

მიმართვა პუტინისადმი უკრაინის ომში მონაწილე შვიდმა ყოფილმა პატიმარმა დაწერა. ისინი აცხადებენ, რომ ომში მონაწილეობის დროს "ფრონტის წინა ხაზზე ყოფნის დროს არც ერთხელ არ მიუღიათ სრული ხელფასი და არც მას შემდეგ, ასევე არ მიუღიათ გარანტირებული ანაზღაურება ჭრილობების გამო". წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობებს ვერ იღებენ, რადგან სამხედრო ნაწილი საჭირო ამონაწერებს არ გასცემს. 

"დაგვპირდნენ "თეთრ ფურცელს": ანუ სრულ რეაბილიტაციას, რომ კრიმინალური ჩანაწერები არ დაფიქსირდება. არც ჩემთვის, და არც მათთვის, ვისაც მე ვიცნობ, ეს არ მიუციათ. 20 წელი ვიჯექი, სამი წელი მქონდა დარჩენილი. იმის გათვალისწინებით, სად მოვხვდით და რა დავალებებს ვასრულებდით, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ წმინდა შეწყალების მიზნით, იქ არ წავიდოდი", - ამბობს გამოცემასთან ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმეს არა სრული კონტრაქტები, არამედ გარკვეული შეთანხმებები მოხალისეთა ფორმირებებში მონაწილეობის შესახებ - და არა რუსულ სამხედრო უწყებაში, არამედ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. შედეგად ყოფილი პატიმრები სამხედრო მოსამსახურეების მსგავს ანაზღაურებას არ იღებენ. მაშინ, როდესაც სამხედრო მოსამსახურე დაჭრისთვის 3 მილიონი რუბლის ოდენობას ანაზღაურებას იღებს, "შტორმ Z-ს" მებრძოლებმა შეიძლება 50-30 ათასი მიიღონ.


close დახურვა