logo
ENG



უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო, ყაზახეთში გრიგორი ლეპსის კონცერტი გააუქმეს

20 ივნ 202314:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/20/if0ax60mfpnyx3d.jpg

ქართული წარმოშობის რუსი მომღერლისა და უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერის, გრიგორი ლეპსის კონცერტი ყაზახეთში გაუქმდა. რადიო თავისუფლების ადგილობრივი ბიურო იუწყება, რომ კონცერტი 8 ივლისს ალმატის რაიონის ქალაქ კონაევში იყო დაგეგმილი.

კომპანია Makao Luxury Village Resort-მა, რომელიც საკონცერტო სივრცის უზრუნველყოფას აპირებდა, ინსტაგრამზე დაწერა, რომ კონცერტის ორგანიზატორებს შეთანხმება ცალმხრივად შეუწყვიტეს. ინფორმაცია ასევე დაადასტურა ალმათის ოლქის საკრებულოს დეპუტატმა, ერკინ რაკიშევმა - მისი თქმით, ლეპსის კონცერტის გაუქმებაში წვლილი შეიტანა ალმათის ოლქის მერიამ.

გრიგორი ლეპსის მიერ უკრაინაში ომის მხარდაჭერის გამო, ყაზახეთში აქტივისტებმა მისი კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა გამოხატეს. მათი თქმით, არაადამიანურია ყაზახეთში იმ ადამიანის ჩასვლა, ვინც ომს მხარს უჭერს.

"არაადამიანურია, თუ ასეთი ადამიანები, როგორიც ლეპსია, რომლებიც არა მხოლოდ სიტყვიერად მხარს უჭერენ ომს, არამედ უკრაინული Loepard-ის ტანკების განადგურებისთვის მილიონს დებენ, ჩამოვლენ ყაზახეთში, ჩაატარებენ კონცერტებს და გამომუშავებულ თანხას ადამიანის მკვლელობისთვის გააგზავნიან. ეს დაუშვებელია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რამ არ მოხდეს", - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა, არმან შორაევმა.

გრიგორი ლეპსი ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ომის ღია მხარდამჭერია - მან გასული წლის აპრილში სოსო პავლიაშვილთან ერთად კრემლის საკონცერტო დარბაზში უკრაინის ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცებისთვის იმღერა.


close დახურვა