logo
ENG



უკრაინაში საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დაიბარეს

04 ივლ 202314:35
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში საქართველოს ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დაიბარეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ზაქარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ამასთან, უწყება ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის მოქალაქის მიმართ ძალადობა უნდა შეწყვიტოს.

ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს კონსულტაციებისთვის თბილისში ჩასვლა შესთავაზეს. უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ მზადაა, სასწრაფოდ განიხილოს სააკაშვილის უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანისა და მოვლის საკითხი.

გუშინ, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. 

გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. 


close დახურვა