logo
ENG



უკრაინელი გენერალი: პუტინი ბირთვული ომისთვის ემზადება, რუსეთში მიწისქვეშა ქალაქს ამზადებს

20 მარ 202211:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/20/y4a4dlylzfgbgo9.png

უკრაინის არმიის გენერალი და უკრაინის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, მიკოლა მალომუჟი უკრაინულ გამოცემა Obozrevatel-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბირთვული ომისთვის რუსეთის ხელისუფლება, შესაძლოა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისქვეშა ქალაქს ამზადებდეს.

მალომუჟი აცხადებს, რომ 17 მარტს რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილისკენ სახელისუფლებო ფრენები განხორციელდა. მისი თქმით, ეს ფრენები ბუნკერში გადასვლის გეგმაზე არაპირდაპირ მიუთითებს.

„თუ ასეთი ფრენები ნამდვილად იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადგილები პრაქტიკული გამოყენებისთვის მზადდება“, - განაცხადა სამხედრო გენერალმა.

მალომუჟი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა მიწისქვეშა საკონტროლო ცენტრები, სადაც თვეების განმავლობაში შეიძლებოდა ცხოვრება. საუბარია მიწისქვეშა ბუნკერებზე, რომლებიც ათეულობით მეტრის სიღრმის არიან და მიწისქვეშა ქალაქს ქმნიან.

გენერალი ირწმუნება, რომ რუსები მიწისქვეშა ქალაქის მოწყობაზე უკვე მუშაობენ, ამოწმებენ მიწის ქვეშ დამალულ სისტემებს.

მალომუჟი აცხადებს, რომ ამგვარ ბუნკერებში ყველა კომუნიკაციის სისტემაა, მათ შორის სხვა რეგიონებთან კონტაქტისთვის, ასევე გარე სამყაროსგან დამოუკიდებელი ენერგიის მარაგებიც და ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობაა შექმნილი, მათ შორის ჰაერის გამწმენდი მოწყობილობებიც. მისი თქმით, ამგვარ ბუნკერში ცხოვრება, სავარაუდოდ, 1 წლამდეა შესაძლებელი.

„საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტები სამხედრო ოპერაციებისას თავდაცვისთვის. შესაბამისად, რუსეთი ყოველთვის ცდილობდა დარწმუნებულიყო, რომ ეს [ბუნკერები] იმუშავებს, მათ შორის მსოფლიო ომისას.

ბირთვული ომის შემთხვევაში, იქ მიწისქვეშა საკონტროლო ცენტრებია, როგორც სახელმწიფო ასევე სამხედრო მეთაურებისთვის. ეს დახურული მიწისქვეშა ბუნკერებია. რამდენიმე ათეულობით მეტრის სიღრმის, მთელი ქალაქი. იქ სამხედრო და სამოქალაქო საკონტროლო ცენტრებია, რადგან მთელი ხელისუფლება იქ გადადის, არა მხოლოდ ჯარი.

საბჭოთა კავშირის დროს, ამგვარ ბუნკერში ცხოვრება 2-3 თვით იყო შესაძლებელი. მაგრამ ახლა უფრო თანამედროვე საშუალებებია. ამიტომ ჩემი აზრით, იქ დარჩენა 1 წლამდე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა უკრაინელმა გენერალმა.

მალომუჟის აზრით, პუტინი ბირთვულ ომს არ დაიწყებს, თუმცა პუტინი იაზრებს, რომ უკრაინაში ომმა შესაძლოა გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს, რომელშიც NATO-ც ჩაერთვება.

„მე არ ვფიქრობ, რომ ბირთვული ომი იქნება. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ პუტინი მთელი სამყარო ამ ომის საშიშროების უკიდურეს ზღვარზე ეყოლება“, - აცხადებს მალომუჟი.

მანამდე სოციო-ეკონომიკური ინსტიტუტის დირექტორი, ილია ნესხოდოვსკი წყაროზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ პუტინი ლიკვიდაციის შიშის გამო დიდი ხანია კრემლში არ მისულა. ნესხოდოვსკი ირწმუნება, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ის განსაკუთრებით დაცულ ბუნკერში გადავიდა.


close დახურვა