logo
ENG



უკრაინელი დედა: ვნახე, როგორ მოკლეს ჩემი შვილი და ქმარი, შემდეგ კი სარდაფში დამამწყვდიეს

09 აპრ 202214:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/09/1ngtfv1fy5fk5wc.jpg

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ვიქტორია კოვალენკომ ქმარი და შვილი დაკარგა, რომლებიც თვალწინ მოუკლეს. თავისი ისტორია მან BBC-ს მოუყვა.

ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ ვიქტორიამ და მისმა ქმარმა პეტრომ ჩერნიგოვიდან ქვეყნის ჩრდილოეთით გაქცევა გადაწყვიტეს. 12 წლის ვერონიკა ვიქტორიას პირველ ქორწინებაში შეეძინა, ხოლო მეორე შვილი ვარვარა მხოლოდ ერთი წლისაა.

დასახლება იაჰიდნესთან მიახლოებისას გზაზე ქვები დახვდათ. მისი ქმარი მანქანიდან გადავიდა და მათი გზიდან გაყვანა დაიწყო. რამდენიმე წუთში მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

"ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა ვერონიკამ ყვირილი დაიწყო, რადგანაც გატეხილი შუშის ნამსხვრევმა თავი გამიჭრა და სისხლისგან ვიცლებოდი. ვერონიკამ ყვირილი დაიწყო, ხელები უკანკალებდა, ამიტომაც მის დამშვიდებას ვცდილობდი. მანქანიდან გადავიდა და უკან გავყევი. გადასვლისას დავინახე, როგორ დაეცა. როდესაც შევხედე, თავი აღარ ჰქონდა", - ყვება ვერონიკა.

მანქანას რუსული ჭურვები დაუშინეს, რის გამოც ცეცხლი გაუჩნდა.

"ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, ხელში პატარა შვილი მეჭირა და უსაფრთხო ადგილას უნდა მიმეყვანა".

ვიქტორიას პეტრო აღარ უნახავს, თუმცა სიჩუმით მიხვდა, რომ ქმარი დაიღუპა. როგორც ის ამბობს, ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გაიქცა, მომდევნო 24 საათი კი გადარჩენას ცდილობდა. ხან მანქანას შეეფარა, ხან კი მიტოვებულ შენობას, რომელსაც რუსები იყენებდნენ.

მომდევნო დღეს ის პატარა შვილთან ერთად რუსმა ჯარისკაცებმა პატრულირების დროს იპოვეს. ისინი იაჰიდნესში წაიყვანეს, სადაც სკოლის სარდაფში დაამწყვდიეს.

მომდევნო 24 დღე დედამ შვილთან ერთად იქ გაატარა.

ვიქტორიას თქმით, ოთახში 40-ზე მეტი ადამიანი იყო. გადაადგილებისთვის ან მოძრაობისთვის სივრცე არ იყო, არც შუქი იყო, ამიტომაც სანთლებს და სანთებელებს იყენებდნენ. სარდაფში მტვერი და სიცხე იყო, რის გამოც იქ მყოფებს სუნთქვა უჭირდათ. ვიქტორია ყვება, რომ უყურებდა როგორ კვდებოდნენ მის გარშემო ადამიანები, რომელთაც არანაირი წვდომა არ ჰქონდათ სამედიცინო დახმარებასთან. გარდაცვლილი ადამიანების ცხედრები სარდაფში რამდენიმე საათი ან დღე რჩებოდა.

დატყვევებულებს დიდი ხნის განმავლობაში საპირფარეშოში გასვლის უფლებასაც არ აძლევდნენ.

ვიქტორია ყვება, რომ რუსებს სთხოვა, პეტროსა და ვიქტორიას ცხედრები მოეტანათ, რათა მათი დამარხვა შესძლებოდა. თავისი ყოფილი ქმარი, ვერონიკას მამა მანქანის ნარჩენებთან გაგზავნა, რათა ადგილისთვის ფოტოები გადაეღო.

დამწვარი მანქანიდან აღარაფერი იყო დარჩენილი; ვერონიკას ტანსაცმელზე ნასვრეტები იყო და ჭვარტლით იყო დასვრილი; იყო პატარა სამაჯური გულის ფორმის საკიდით; ავტომობილის ორი სანომრე ნიშანი კი მაღალი ტემპერატურის გამო გათეთრებულიყო.

ვიქტორიას ახსოვს ის დღე, როცა ცხედრები მოიტანეს.

"12 მარტი იყო. დამირეკეს და მითხრეს: "წამოდი, ნახავ, სად დაკრძალავენ". დაკრძალეს ტყეში, ორ საფლავში. ერთი ყუთი შედარებით დიდი იყო, მეორე - შედარებით პატარა და ორი ჯვარი ნიშნებით. დავრჩით და ყუთების მიწით დაფარვა დავიწყეთ, მაგრამ სროლა დაიწყო და გავიქეცით ისე, რომ დამარხვა ვერ მოვასწარით. ძალიან საშიში იყო".

"რომ მოეცათ საშუალება პუტინისთვის მესროლა, ამას ვიზამდი. ხელი არ ამიკანდაკლდებოდა", - ამბობს ვიქტორია BBC-სთან.

ამჟამად ვიქტორია და ვარვარა ლვოვში უსაფრთხოდ არიან.


close დახურვა