უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადასცა ჯილდო, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინელმა სამხედრომ გაუგზავნა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს ჯილდო თეთრ სახლში, შეხვედრის დაწყებამდე, მედიასთან კომენტარის გაკეთებისას გადასცა.
"გუშინ ვიყავი დონბასში, ბახმუტში. ერთმა კაცმა, ნამდვილმა გმირმა, კაპიტანმა მთხოვა გადმომეცა მისი სიტყვები. ის არის კაპიტანი, ძალიან მამაცი და თქვა, რომ თქვენც ძალიან მამაცი ხართ ბატონო პრეზიდენტი. მინდა გადმოგცეთ ღირსების ჯვარი სიმამაცისთვის, ეს მისგანაა", - უთხრა ზელენსკიმ ბაიდენს.
ამ წუთებში, თეთრ სახლში ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში ცოტა ხნის წინ ჩავიდა. 24 თებერვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და უცხო ქვეყანაში გაემგზავრა.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი სიტყვით გამოვა კონგრესში და თეთრ სახლში. როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენი და ზელენსკი განიხილავენ უკრაინის მდგრადობასა და თავდაცვის შესაძლებლობებს, ამასთან, უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას, რომელიც Patriot-ის სარაკეტო სისტემებს მოიცავს.
აშშ-ის ახალი დახმარების პაკეტი 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები. მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ფარგლებში, ეს ყველაზე ძლიერი და მოწინავე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი იქნება.
ასეთი დანადგარები შეიძლება დაიტვირთოს სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტებით, მათ შორის ისეთებით, რომლებსაც შეუძლიათ 80 კმ-მდე დაშორებით და 20 კმ სიმაღლეზე ობიექტებზე დარტყმა.
კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა არა მხოლოდ თვითმფრინავების და საკრუიზო რაკეტების, არამედ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა. სწორედ ამ ტიპის რაკეტები უქმნის უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს ყველაზე მეტ პრობლემას: მათი ჩაჭრა ძალიან რთულია.
აშშ-ში ვიზიტამდე ზელენსკი უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტის ფრონტის ხაზზე მოულოდნელად ჩავიდა, სადაც მებრძოლებს შეხვდა და დააჯილდოვა.