საქართველოს საელჩომ კიევში და გენერალურმა საკონსულოებმა ოდესაში და დონეცკში მოქალაქეები პირველადი საჭიროებებით უზრუნველყვეს და მათ სამშობლოში დაბრუნებას ხელი შეუწყეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
კერძოდ, უწყების ცნობით, ჩერნომორსკის პორტიდან (ოდესა), ბათუმის მიმართულებით გამოვიდა ბორანი, რომელზეც იმყოფება საქართველოს 44 მოქალაქე.
"ბოლო 10 დღის განმავლობაში აღნიშნული ბორნით იმგზავრა და სამშობლოში დაბრუნდა 200-მდე მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელ ხაზს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, საქართველოს საელჩომ და გენერალურმა საკონსულოებმა უზრუნველყვეს სამშობლოში გამოსამგზავრებელი ლოჯისტიკური დახმარებით, დროებითი საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით.
საქართველოს საელჩომ და გენერალურმა საკონსულოებმა ათობით მოქალაქეს გაუწიეს დახმარება ოდესამდე ტრანსპორტირებაში და ოდესის პორტიდან ბორნით გასამგზავრებელი ბილეთის დაჯავშნასა და შეძენაში. საელჩო და საკონსულოები აქტიურ კავშირზე არიან კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომელიც ბორნით ოპერირებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და შესაბასი უწყებების ძალისხმევით, სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქე", - ნათქვამია განცხადებაში.