logo
ENG



უკრაინის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ალიანსი ოფიციალურად გაფორმდა

17 თებ 202220:22
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ალიანსი ოფიციალურად გაფორმდა
AP

დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და უკრაინამ პირველი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ქმნიან ერთობლივ ალიანსს, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის დახმარებისკენ.

სამი სახელმწიფოს განცხადებაში წერია, რომ ისინი ითანამშრომლობენ, როგორც კიბერუსაფრთხოების, ასევე, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე და გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე.

"გაერთანებული სამეფო, პოლონეთი და უკრაინა ქმნიან ისტორიულ კავშირს, რაც აგებულია საერთო ღირებულებებსა და საერთო ერთგულებაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ, აგრესორის წინააღმდეგ დგომის საერთო ისტორიაზე, რომელიც ევროპაში თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.

ჩვენ ვიმეორებთ, რომ ყველა ევროპული სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს, ან შეცვალოს მისი უსაფრთხოების საკითხების მოწყობა, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებებით და არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ევროპის რომელიმე ნაწილი თავისი გავლენის სფეროდ განიხილოს.

ჩვენი სამი სახელმწიფო გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას, რათა დაიცვას უკრაინაში სტაბილურობა და შექმნას მედეგობა; ასევე, გააძლიეროს დემოკრატია აღმოსავლეთ ევროპის საზღვარზე.

ამ მიზნით, ჩვენ შევთანხმდით სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავებაზე. ეს წარმოაჩენს ჩვენს ერთგულებას, უფრო მეტად გაძლიერდეს სტრატეგიული თანამშრომლობა და ჩართულობა სამ ერს შორის უკრაინის მხარდამჭერ პრიორიტეტულ საკითხებზე.

ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მხარდაჭერაზე კოორდინაციით.

ასევე, გავზრდით თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოებაზე, ენერგოუსაფრთხოებაზე და გავზრდით სტრატეგიულ კომუნიკაციებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე და დადგებიან უკრაინელების გვერდით უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია ერთობლივ განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ეს ფორმატი არის უკრაინული სტრატეგიის ნაწილი, როგორც პატარა ალიანსის შექმნის უკრაინის პროაქტიული საგარეო პოლიტიკა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა ვერ მოიცდის სამომავლო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, რასაც ნატოსა და ევროკავშირის წევრობა მოიტანს.

"ჩვენ ის დღესვე გვჭირდება", - თქვა კულებამ.

პოლონეთის, უკრაინისა და დიიდ ბრიტანეთის ალიანსზე ინფორმაცია იანვრის ბოლოს გავრცელდა. ეს ინფორმაცია საჯაროდ პირველად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა გააჟღერა. ალიანსის მთავარ დანიშნულებად განისაზღვრა რუსული საფრთხისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ევროპის მომავალ უსაფრთხოებაზე ერთობლივი მუშაობა.


close დახურვა