უკრაინის 3 ყოფილი პრეზიდენტი: ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშჩენკო და პეტრო პოროშენკო, მსოფლიო ლიდერებს უკრაინელი ხალხისა და სამხედროების გადასარჩენად უკრაინის ხელისუფლების დახმარებისკენ მოუწოდებენ. პრეზიდენტებმა საერთო განცხადება დღეს გაავრცელეს.
მათი თქმით, აზოვსტალში რუსეთის სისასტიკე სამხედრო შინაარსს მოკლებულია და რუსეთი უკრაინაში პუტინის განკარგულებით მასიური მკვლელობების მოწყობას ცდილობს.
პრეზიდენტები აცხადებენ, რომ უკრაინას ცივილიზებული სამყაროს ლიდერების იმედი აქვს და მათ უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენაში დახმარებისკენ მოუწოდებენ.
უკრაინის 3 ყოფილი პრეზიდენტის ერთობლივი განცხადება:
ჩვენ, ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშჩენკო და პეტრო პოროშენკო, უკრაინის მეორე, მესამე და მეხუტე პრეზიდენტები მსოფლიო ლიდერებს მივმართავთ - ევროკავშირის წევრებს, აშშ-სა და კანადას, ჩინეთს, თურქეთს და სხვებს, ასევე გაეროს.
ჩვენ ვითხოვთ, გამოიყენოთ ყველა არსებულ დიპლომატიურ რესურსი უკრაინის ხელისუფლების დასახმარებლად, რათა გადავარჩინოთ უკრაინის მოქალაქეებისა და სამხედროების სიცოცხლე, ვის განადგურებასაც რუსეთი აზოვსტალის ტერიტორიაზე პუტინის განკარგულებით ბარბაროსული მეთოდებით ცდილობს.
რაშისტების ამგვარი შოკისმომგვრელი სისასტიკე ყველა სამხედრო შინაარსს მოკლებულია. ქალაქი მარიუპოლი რუსეთის არმიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა, რომელიც ახლა საკუთარი დანაშაულების კვალის დაფარვას ცდილობს.
ქალაქის უკრაინელი სამხედრო-მცველების გასაოცარმა სიმამაცემ და ჰეროიზმმა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო გააოცა. აზოვის ბატალიონი, ჩვენი საზღვაო ფლოტი, სასაზღვრო მცველები უკვე შევიდნენ ისტორიაში, რადგან მათი სამხედრო ღვაწლი უპრეცედენტოა. და ისინი ჩვენი ეროვნული გმირები, უანგარო, მამაცი პატრიოტები არიან.
მაგრამ ეს აღარაა თანასწორი ან უთანასწორო ბრძოლა. მთელი მსოფლიოს თვალში ესაა რუსების მხრიდან სისხლიანი რევანშისა და ხოცვა-ჟლეტის მოწყობის მცდელობა მათ წინააღმდეგ, ვინც მიუხედავად იმისა, რომ ალყაშია მათ [რუსებს] სულისკვეთების ძალითა და ნებისყოფით ამარცხებს.
ჩვენ თითოეულ თქვენგანს მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ გმირი უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენაში.
ათობით მილიონი უკრაინელი თქვენ იმედიანად გიყურებთ და მთელი ცივილიზებული სამყაროს ხალხი წარმატებული შუამავლობისთვის მადლიერებით ტაშს დაგიკრავენ.