უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, კოდემას, ზაიცევის, პისკის, პერვომაისკესა და მარინკას რაიონებში.
"დონეცკის მიმართულებით მტერი არ წყვეტს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრის გადაკვეთის მცდელობას.... ბახმუტის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის არტილერიიდან იბომბებოდა ბახმუტი, ბახმუცკე, სოლედარი, იაკოვლივკა, ზაიცევი, მაიორსკი და კოდემა. შეტევითი მოქმედებებით მტერი ცდილობდა წინსვლას ბახმუტის, ვესელა დოლინას და ზაიცევეს მიმართულებით, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა და უკან დაიხია. კოდემას დასახლებაზე კონტროლის დამყარების მცდელობა მიმდინარეობს, ბრძოლა გრძელდება."- წერია გენშტაბის განცხადებაში.
უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით მტერი იყენებს ტანკებს, სარაკეტო და ლულის არტილერიას. მტერი ახორციელებს მე-3 არმიის კორპუსის დანაყოფების გადაჯგუფებას ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რათა განაახლონ შეტევა მითითებულ მიმართულებით.
"ავდიივკას მიმართულებით მტერმა ნაღმტყორცნები, ტანკები, ლულის და სარაკეტო არტილერია ესროლა ავდიივკას, ოპიტნეს, უმანსკეს, პერვომაისკეს, სტარომიხაილივკას. შეტევითი მოქმედებებით იგი ცდილობდა ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას კრასნოჰორივკასა და მარინკას მიმართულებით, ტრადიციულად განიცადა ზარალი და უკან დაიხია."- უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსეთის საზღვაო ჯგუფი შავი და აზოვის ზღვების წყლებში აგრძელებს სამოქალაქო გემების დაზვერვასა და ბლოკირებას. უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში ობიექტებსა და ინფრასტრუქტურულ ელემენტებზე სარაკეტო დარტყმის საფრთხეა.
"მტერი განიცდის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვან დანაკარგებს."- წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.