logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: დნესტრისპირეთში რუსი ოფიცრების ოჯახების ევაკუაციისთვის ემზადებიან

03 მაი 202221:17
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის გენშტაბი: დნესტრისპირეთში რუსი ოფიცრების ოჯახების ევაკუაციისთვის ემზადებიან

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში რუსი ოფიცრების ოჯახების ევაკუაციისთვის ემზადებიან. 

"მოლდოვის რესპუბლიკაში, დნესტრისპირეთში ვითარება რთულია. რუსული ჯარების ოპერატიული ჯგუფების ქვედანაყოფები კვლავ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. მიმდინარეობს მზადება რუსული ოპერატიული ჯარების ოფიცრების ოჯახების ევაკუაციისთვის". - აცხადებს გენშტაბი დამატებითი დეტალების გარეშე. 

25-26 აპრილს მოლდოვაში სამი აფეთქება მოხდა. 25 აპრილს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის "დედაქალაქ" ტერასპოლში ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას. 26 აპრილს კი 2-მა აფეთქებამ სოფელ მაიაკში საბჭოთა პერიოდის რადიო ანძები დააზიანა. 

26 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე - დნესტრისპირეთზე სარაკეტო თავდასხმას ამზადებს, რამაც შესაძლოა, მოქალაქეებს შორის მსხვერპლიც გამოიწვიოს. 

2 მაისს The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "კრემლმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვაზე თავდასხმის შესახებ". 

დნესტრისპირეთი უკრაინას ესაზღვრება. ის მოლდოვის ტერიტორიაა, რომელიც 1992 წლიდან რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მას სეპარატისტული "ხელისუფლება" მართავს. დნესტრისპირეთში 470 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. აქ რუსეთს 1500 სამხედრო ყავს განლაგებული, რომელთაც "სამშვიდობოებს" უწოდებს, თუმცა, არის ეჭვი, რომ მათ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებენ. 


close დახურვა