უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში რუსეთის დარტყმების შედეგად 50-ზე მეტი დასახლება დაზარალდა.
"მტრის დარტყმების შედეგად 50-ზე მეტი დასახლება დაზარალდა. კერძოდ, ბილოჰორივკა, ნოვომიკოლაივკა, ბლაჰოდატივკა, სუხი სტავოკი და ოდრადივკა. გასული დღის განმავლობაში მტერმა 4 სარაკეტო და 15 საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.
ადამიანური რესურსების, უპირველესად პერსონალის მნიშვნელოვანი ნაკლებობის გამო, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა იძულებულია ნაადრევად ჩართოს სამხედრო სასწავლებლების კადეტები," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.
გენშტაბის თქმით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები სამ დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს და 11 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 59 610 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.