უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში რუსები ხალხს სახლებს ართმევენ.
"ხერსონის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიის ორ დასახლებაში რუსები ცდილობენ ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლი წაართვან საოკუპაციო „ადმინისტრაციის“ სასარგებლოდ. კერძოდ, ასეთი ფაქტები ბრილოვკასა და ნოვოკიევკას დასახლებებში გამოვლინდა.
რუსული საოკუპაციო ჯარების სამხედროები აქტიურად დადიან კარდაკარ და ამოწმებენ ბინადრობის ნებართვებისა და საცხოვრებლის საკუთრების საბუთებს", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
გენერალური შტაბის თქმით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. გენშტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 137 780 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.