logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ხერსონში დანაკარგების შესავსებად 2 000-მდე მობილიზებული ჩაიყვანა

21 ოქტ 202209:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/21/5aeps6y2tt443fh.jpg

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ხერსონის ოლქის დროებით დაპყრობილ ნაწილში სამხედრო დანაკარგების შესავსებად და ფრონტის ხაზზე დანაყოფების გასაძლიერებლად 2000-მდე მობილიზებული ჩაიყვანა.

გენშტაბის ყოველდღიურ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებამ ე.წ. "საბანკო დაწესებულებების" ევაკუაციისთვის მომზადების განკარგულება გასცა და მოამზადა რუსეთიდან ჩაყვანილი მედპერსონალისა და მასწავლებელთა სიები.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, ხერსონში მუშაობას წყვეტენ ჰუმანიტარული დაწესებულებებიც.

19 ოქრომბერს ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროსა და რუსეთში ევაკუაცია დაიწყო. რუსეთი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ჯარმა რეგიონზე კონტრშეტევა დაიწყო, რითაც, მათი თქმით, მოსახლეობას საფრთხე შეექმნა.

მანამდე უკრაინაში რუსეთის ე.წ "სამხედრო ოპერაციის" ახალმა მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ ხერსონში რთული მდგომარეობაა და შესაძლოა, "რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწიოთ"

მოსახლეობის გარდა მარჯვენა სანაპიროს ტოვებს რუსეთის მიერ ხერსონში დანიშნული ე.წ ადმინისტრაციაც და რეგიონის მარცხენა სანაპიროზე გადადის. ხერსონის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ სალდოს თქმით, „ეს ორგანიზებული გადაყვანაა“, რომელიც ათასობით ადამიანს შეეხება.

„ჩვენი გამოთვლებით ვგეგმავთ 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანას მარცხენა სანაპიროზე და დამატებით, ვისაც სურს რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში“ - განაცხადა ვლადიმირ სალდომ.

ვლადიმირ სალდოს ცნობით, მოსახლეობის გამოყვანის მიზეზი დატბორვის საფრთხეებია, რისი საშიშროებაც უკრაინის მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად შეიძლება დადგეს.

უკრაინის მხრიდან მიკოლაევის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ხერსონში რუსეთის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ხერსონიდან ევაკუაციის მიზეზი ისაა, რომ რუსები თავად აპირებენ ოკუპირებულ ხერსონზე თავდასხმას.


close დახურვა