უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი ჩერნიაკის განცხადებით, 15 იანვრიდან რუსეთმა, შესაძლოა, დამატებითი მობილიზაცია გამოაცხადოს.
ჩერნიაკის თქმით, რუსეთს ნახევარ მილიონამდე ადამიანის მობილიზება შეუძლია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მობილიზაცია რუსეთის დიდ ქალაქებს, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგსაც შეეხება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.
28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.