უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები „ინდივიდუალურ საუბრებს“ აწარმოებენ ბელარუს სამხედროებთან.
დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს ბელარუსი სამხედროები უკრაინასთან ომში ჩართოს. სანაცვლოდ, ფინანსურ დაზღვევას თვეში 1000-1500 დოლარის ოდენობით და რუსეთის სამხედრო უნივერსიტეტებში განათლებას პირდება.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები ბელარუსი სამხედროების მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სწავლობენ და მათთან ინდივიდუალურ საუბრებს მართავენ.
„ მიუხედავად ამისა, ბელარუსიის სამხედროებს შორის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მოტივაციის ძალიან დაბალი დონეა“, - აცხადებენ დაზვერვაში.
აშშ-ს და ნატოს ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ბელარუსია შეიძლება „მალე“ შეუერთდეს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში, ქვეყანა უკვე დგამს ნაბიჯებს ამისკენ.
წყარომ, ბელარუსიის ოპოზიციიდან განაცხადა, რომ საბრძოლო ნაწილები მზად არიან უკრაინაში უახლოეს დღეებში შესასვლელად. წყაროს აზრით, ეს სამხედრო თვალსაზრისით უფრო ნაკლებ გავლენას მოახდენს , ვიდრე გეოპოლიტიკურად, რადგან გასათვალისწინებელია თუ რა გავლენა ექნება ომში სხვა ქვეყნის მიერთებას.