უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან ვაგნერის დაჯგუფების საბრძოლო მასალების საცავები გაანადგურეს. ამის შესახებ მალიარი ტელეგრამზე წერს.
"ჩვენი მებრძოლების მიერ განადგურებულია ვაგნერელების საბრძოლო მასალების საცავები. ამიტომ, ჩვენც მთელ ძალებს ვიყენებთ მტრის გასანეიტრალებლად", - თქვა მალიარმა.
მანამდე მალიარმა აღნიშნა, რომ ოკუპანტები 9 მაისამდე ცდილობენ ბახმუტზე კონტროლის მოპოვებას, ამის გამო კი ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები სხვა მიმართულებებიდან ჩამოიყვანეს.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ. ის უკრაინის ქალაქის დატოვებას სამხედრო შეიარაღების უქონლობას უკავშირებს.
როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბოლო 1 თვის განმავლობაში დაქირავებულ მებრძოლებს საჭირო შეიარაღების მხოლოდ 10%-ს აწვდის.
ამასთან უკრაინის შეიაღარებულ ძალებში აცხადებენ, რომ ვაგნერელებს ამოეწურათ არა საბრძოლო მასალა, არამედ მებრძოლები.
ბახმუტი რჩება უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ სექტორად, ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ შეტევას, გრძელდება მძიმე ბრძოლები.
ქალაქისთვის ბრძოლები ცხრა თვეა - გასული წლის აგვისტოდან, გრძელდება. მიუხედავად ეტაპობრივი წინსვლისა, რუსული ძალები ვერ ახერხებენ ქალაქის სრულად აღებას.
თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბი ამბობს, რომ რუსეთმა ბახმუტისთვის ბრძოლაში ბოლო 5 თვეში 20 000 სამხედრო დაკარგა.
კირბი ამბობს, რომ ეს მონაცემები ამერიკის დაზვერვამ მოიპოვა. მისივე თქმით, დაღუპული სამხედროების ნახევარს ვაგნერის ჯგუფი წარმოადგენს.