logo
ENG



უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

27 მაი 202223:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/27/igsrg12yt80yu4h.jpg

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

რეზოლუციაში, რომელიც კიევში 27 მაისს ჩატარებული საეკლესიო კრების შემდეგ მიიღეს, ნათქვამია: 

"ეკლესია გმობს ომს, მიიჩნევს მას ღმერთის მცნების: "არა კაც კლა" დარღვევად და გამოხატავს მწუხარებას იმათ გამო, ვინც ომში დაზარალდა. 

ეკლესია მიმართავს უკრაინის და რუსეთის ხელისუფლებებს, გააგრძელონ მოლაპარაკების პროცესი და მოძებნონ ძლიერი და გონივრული სიტყვა, რომელიც შეაჩერებს სისხლისღვრას. 

ჩვენ არ ვეთანხმებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით.

ეკლესიის საბჭომ მიიღო სათანადო ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციის წესდებაში, რაც ადასტურებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობასა და ავტონომიას". 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ქვეყნის მილიონობით მოქალაქე იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამშობლო. 

"ბევრი მათგანი მართლმადიდებელია. ამიტომ, კიევის მიტროპოლიტი სხვადასხვა ქვეყანას უკრაინული სამრევლოების გახსნის თხოვნით მიმართავს". - წერია რეზოლუციაში. 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთსაც მიმართავს, შეწყვიტოს ტაძრების იძულებით წართმევა და მართლმადიდებელი მრევლის იძულებით გადაყვანა სხვა ტერიტორიებზე.

უკრაინაში მეორე დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიაც არსებობდა. 2018 წლის 15 დეკემბერს კიევში, წმიდა სოფიის ტაძარში შეკრებილმა უკრაინელმა მღვდელმთავრებმა ეკლესიათა გაერთიანება გამოაცხადეს და ერთიანი, ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელად მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.კონსტანტინეპოლმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი 2019 წლის 6 იანვარს გადასცა.


close დახურვა