logo
ENG



უკრაინის ომბუდსმენი : ჩამოვედი, რათა გავიგო, მიხეილს რა უნდა და გადავდგათ ნაბიჯები

27 ოქტ 202111:08
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, ის დაინტერესებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და იმით, თუ რამდენად აღმოუჩენენ დახმარებას ციხის საავადმყოფოში.

"ჩვენ გვქონდა საშუალება მოგვენახულებინა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. მინდა გავეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიტომ, რომ დღეს მისი შიმშილობის 27-ე დღეა. მინდა გავეცნო და დავრწმუნდე, რამდენად აღმოუჩენენ დახმარებას ციხის საავადმყოფოში. თუ ეს საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც პრეზიდენტისთვისაა საჭირო, მზად ვარ შევხვდე მის პირად ექიმს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავარკვიო რამდენადაა დაცული მისი უფლებები აქ", - თქვა ლუდმილა დენისოვამ.

​მან ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატზე, ევგენ გრუშოვეცზე, რომელიც გუშინ საქართველოში არ შემოუშვეს. ომბუდსმენის თქმით, უფლებადამცველი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გააბრუნეს უკან.

"გუშინ იყო ჩამოსული ერთი ადვოკატი, რომელიც დასაბუთების გარეშე გააბრუნეს უკან, გავარკვევთ, რამდენად სწორად მოხდა ადვოკატის არშემოშვება საქართველოში. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო მიხეილს რა უნდა, რომ შემდგომ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ", - თქვა ლუდმილა დენისოვამ.

გუშინ, 27 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენ გრუშოვეცმა თქვა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან კიევში აბრუნებენ.

ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გრუშოვეცმა აღნიშნა, რომ რომ მან დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა, ამასთან, მესაზღვრეებს საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზიც აუხსნა, თუმცა, ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარი უთხრეს.

მიხეილ სააკაშვილი 27-ე დღეა ციხეში შიმშილობს.

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საჭიროებაზე ლაპარაკობენ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებისგან შემდგარი კონსილუმის წევრები და სააკაშვილის პირადი ექიმი.

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაშ გადაყვანა გამორიცხულია და რომ მას მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

 


close დახურვა