უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიკტოვა ამბობს, რომ დადგენილია იმ რუსი ჯარისკაცების ვინაობა, რომლებიც ბუჩაში ადამიანის უფლებების დარღვევის თანამონაწილეები იყვნენ.
Facebook-ის პოსტში ვენედიკტოვა წერს, რომ იდენტიფიცირებულია 10 ჯარისკაცი, რომელიც ქალაქის ოკუპაციის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაში მონაწილეობდა.
მისივე თქმით, სამხედრო მოსამსახურეები 64-ე ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადას ეკუთვნიან. დასახელებულ ჯარისკაცებიდან 4 რიგითია, 4 - კაპრალი, 2 კი სერჟანტია.
ამ თვის დასაწყისში კი აღნიშნულ ბრიგადას პუტინმა საპატიო წოდებაც მიანიჭა.
"რუსი სამხედროები მსხვერპლებს მოკვლით ემუქრებოდნენ და ტყვეების სიკვდილით დასჯასაც კი იმიტირებდნენ მათი მიმართულებით სროლით. თითოეული მათგანის როლი და მონაწილეობა ამ დანაშაულებში დადგინდა პროკურორებისა და პოლიციის თანამშრომლების საგამოძიებო და კოორდინირებული მუშაობით... ამჟამად ვამოწმებთ მათ მონაწილეობას ბუჩას მკვლელობებში", - ამბობს ვენედიკტოვა.