მედიის ცნობით, უკრაინის რამდენიმე რეგიონში, ზაპოროჟიეში, ვინიცაში, ჩერკასში და მათ შორის კიევში აფეთქებების ხმა ისმის.
მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, უკრაინელი პილოტები საჰაერო თავდაცვის მიმართულებით "სასწაულს ახდენენ".
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, რუსული ძალების მხრიდან რაკეტების პირველი ტალღა უკვე გაშვებულია. ამასთან, იგნატი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის რუსული რაკეტები ჩამოაგდეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა.
"ნუ უგულებელყოფთ განგაშს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.