უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სურს გაეროს ეწვიოს, რათა პირადად ისაუბროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავის წინა დღეს, თუ უსაფრთხოების ვითარება ამის საშუალებას მისცემს.
Evropeyska Pravda იუწყება, რომ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ემინე ჯაპაროვამ სააგენტო AP-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ზელენსკის მოგზაურობისთვის მრავალი ფაქტორია საჭირო, ადგილზე არსებული სამხედრო სიტუაციისა და უკრაინის დაზვერვის გაფრთხილებების გათვალისწინებით, რომ რუსეთი თებერვალში დიდ შეტევას გეგმავს.
"ჩვენს პრეზიდენტს სურს ჩასვლა, მას აქვს ნება და განზრახვა, რომ ჩავიდეს, მაგრამ ჯერ კიდევ დგას საკითხი, იქნება თუ არა უსაფრთხოების სიტუაცია, რომელიც მას იქ მისვლის საშუალებას მისცემს."- თქვა მან.
თუ ზელენსკი გაეროს ეწვევა, ეს იქნება მისი მეორე მოგზაურობა უკრაინის ფარგლებს გარეთ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში.
უკრაინის პრეზიდენტი მოულოდნელად ეწვია ვაშინგტონს 21 დეკემბერს, რათა შეხვედროდა რუსეთის წინააღმდეგ ომში თავის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირეებს - პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და კონგრესის წევრებს.
უკრაინის ელჩმა გაეროში სერხი კისლიცამ განაცხადა, რომ გენერალურმა ასამბლეამ უკვე დანიშნა მაღალი დონის დებატები უკრაინის ომის შესახებ 23 თებერვალს, რის შემდეგაც 24 თებერვალს გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს მინისტრთა შეხვედრა.
ჯაპაროვამ თქვა, რომ უკრაინას სურს, რომ ასამბლეამ მიიღოს ორი რეზოლუციიდან ერთი, შეჭრის წლისთავის წინა დღეს. ერთი დოკუმენტი მხარს დაუჭერს პრეზიდენტ ზელენსკის 10-პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულას, ხოლო მეორე მხარს დაუჭერს ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის დანაშაულებისთვის.