logo
ENG



უკრაინის საგარეო: მოსკოვი-თბილისი რუსეთის დაუსჯელობის ფონზე ერთმანეთში რევერანსებს ცვლიან

19 იან 202320:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/19/ouv0ijgsoybhrf7.png

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც იგი რუსეთთან პირდაპირ საჰაერო ავიამიმოსვლას მიესალმება.

ნიკოლენკო Facebook-ზე წერს, რომ იმის ფონზე, როცა საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ხოლო უკრაინა რუსეთთან გენოციდურ ომშია, ასეთი განცხადებების გაკეთება - მიუღებელია.

ნიკოლენკოს შეფასებით, "მოსკოვი და თბილისი რუსეთის დაუსჯელობის ფონზე ერთმანეთში რევერანსებს ცვლიან".

"საქართველოს პროსამთავრობო პარტიის ხელმძღვანელი თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მომხრეა. მან ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ქების საპასუხოდ, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაჟღერდა იმის გამო, რომ საქართველო დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ არ უერთდება. თბილისი და მოსკოვი ერთმანეთში რევერანსებს ცვლიან რუსეთის დაუსჯელობის ფონზე, იმის ფონზე რაც რუსეთმა ჩაიდინა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ნაწილობრივი ოკუპაცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსო პრორუსული რიტორიკა არ შეესაბამება უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირში წევრობისკენ.

უკრაინა - როგორც ხელისუფლების, ისე ხალხის დონეზე - ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით, განსაკუთრებით მისი ისტორიის ზოგიერთ ურთულეს დღეებში. უკრაინისადმი ქმედითი სოლიდარობის არარსებობა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან რუსეთის მცდელობის ფონზე, გაანადგუროს უკრაინელები გენოციდურ ომში, პოლიტიკური უზნეობაა. ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსული აგრესიის წინააღმდეგ და უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციაში, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ინტერესებშიც შედის", - წერს უკრაინის საგარეოს სპიკერი.

***

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა მისასალმებელი იქნება. ამის შესახებ მან იმედი LIVE-ის ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთში მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომლებისთვისაც რუსეთთან პირდაპირი ფრენები მნიშვნელოვანია.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. გასულ წელს, როგორც მითხრეს, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზარდა, ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დამსახურებით. იმედი მაქვს, ჩვენ მალე შევძლებთ განვაახლოთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა", - თქვა ლავროვმა.


close დახურვა