უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის მიერ მართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს მკაცრად გმობენ.
მათი განცხადებით, უკანონო "არჩევნები" მიზნად ისახავს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას. მათივე თქმით, ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ გააჩნია სამართლებრივი შედეგები.
საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ "უკრაინაში შეჭრის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნებმა, შესაძლოა, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესოს და საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის საფუძველი შექმნას".
"უკრაინა მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარება, ასევე, დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინას მიაჩნია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები და მათი მკაცრი დაცვა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში 5 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედი დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. ბიბილოვის დაპირება ორი ე.წ რეფერენდუმის ჩატარებაა - პირველი შეეხება რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო მეორე - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას.
ბიბილოვის გარდა, ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატები ასევე არიან "პარტია ნიხას-ის" ლიხერი, ალან გაგლოევი, ე.წ პარლამენტის ყოფილი ე.წ დეპუტატი დმიტრი ტასოევი, მოქმედი ე.წ დეპუტატი გარი მულდაროვი და ე.წ პარლამენტის ვიცე სპიკერი ალექსანდრ ლიევი.
ე.წ საარჩევნო უბანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გარდა მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც გაიხსნა.
რეგისტრირებულია 32 ათასი "ამომრჩეველი".