უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, ბახმუტის ირგვლივ ვითარება კვლავ რთულია.
"დონეცკის რეგიონში, ბახმუტის ირგვლივ ვითარება კვლავ რთულია, რადგან მტერი აგრძელებს უკრაინის ჯარების თავდაცვის გარღვევის მცდელობას და ქალაქის ცენტრალურ რაიონებში წინსვლას.
მძიმე ბრძოლების დროს უკრაინელი დამცველები მტერს მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ. ისინი საარტილერიო ცეცხლით, ტანკებითა და სხვა იარაღით მტრის მიერ ქალაქის აღების მცდელობებს იგერიებენ", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
უკრაინის ცნობით, 12 მარტს, თავდაცვის ძალებმა 5 მიმართულებით რუსი ოკუპანტების 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ეს მიმართულებებია ლიმანი, ბახმუტი, ავდეევკა, მარინკა და შახტერსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით ყველაზე სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. 12 მარტს, დაბომბვა მოხდა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტსა და ჩასოვ-იარში.