უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, უკრაინელები მზად არიან რუსების შესაძლო დარტყმები მოიგერიონ.
"ტერორიზმია ის, რაც ხდება - სადღაც უფრო მეტი რაკეტა გამოიყენება, სადღაც ნაკლები. საჰაერო ძალები მზად არიან მოიგერიონ საჰაერო თავდასხმა", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.
იგნატის თქმით, ყველაზე უარესი, რაც უკრაინელებმა განიცადეს, იყო თებერვალ-მარტში, როდესაც თითქმის ყოველდღე ასობით რაკეტა უკრაინის ტერიტორიაზე დაფრინავდა. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, ცხრა თვის განმავლობაში, რუსეთმა 16 000-ზე მეტი სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინაზე.
23 ნოემბერს, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის რეგიონებში ელექტროენერგია გაითიშა. უკრაინის ცნობით, რუსებმა 70 საკრუიზო რაკეტა გაისროლეს, აქედან 51 უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს.