უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლიბიის საპორტო ქალაქ ბენღაზის რაიონში რუსეთის სამხედრო და სატვირთო გემებზე განხორციელებული თავდასხმა უკრაინული სპეცოპერაციის შედეგია.
23 ნოემბერს გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, თავდაცვის ძალებმა ჩაატარეს „უნიკალური სპეცოპერაცია“, რომლის ფარგლებშიც ბენღაზის პორტის მახლობლად იერიში მიიტანეს სანქცირებულ სატვირთო გემ MV ANGARA-ზე, რომელსაც რუსეთი სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის იყენებდა და მის დამცველ რუსულ საბრძოლო გემზე, კორვეტ „მერკურზე“.
მათი ინფორმაციით, ოპერაციაში უკრაინული წარმოების 7 უეკიპაჟო კატერი მონაწილეობდა. მიუხედავად მოწინააღმდეგის მხრიდან მათი განადგურების მცდელობისა, კატერებმა სამიზნეებს მიაღწიეს. უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში მყოფ კორვეტ „მერკურთან“ ერთად ჩაძირულია გემის ბორტზე მყოფი ვერტმფრენი „კა-27“-იც.
უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ოპერაციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რუსეთის სამხედრო ფლოტსა და მის ლოგისტიკას უსაფრთხო მარშრუტები შავი ზღვიდან შორ მანძილზეც კი აღარ გააჩნია.
ლიბიის სანაპიროსთან ჩატარებული ოპერაციისთვის უკრაინელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, კორვეტი „მერკური“ რუსეთის ერთ-ერთი უახლესი ხომალდი იყო, რომელიც რუსეთის არმიის შეიარაღებას 2023 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეემატა.
ცნობისთვის, ბენღაზის პორტის რაიონში მომხდარი აფეთქებების შესახებ ლიბიის მედიამ და ქვეყნის არმიამ ინფორმაცია 22 ნოემბერს გაავრცელეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ლიბიის ნაპირებთან სამხედრო გემის განადგურების ფაქტზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
