დღეს დილით უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა - უკრაინული მედიების ცნობით, ოკუპანტებმა რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიშები მიიტანეს, მათ შორის დაბომბეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ქალაქის მასშტაბით, სულ მცირე, 3 აფეთქების ხმა იყო, ხოლო უკრაინაში 40-მდე ფრთოსანი რაკეტა ისროლეს. უკრაინსკა პრავდა წერს, რომ საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა პოლტავასა და ვინიციაშიც.
ხარკივის მერის განცხადებით, ოკუპანტებმა დილით ქალაქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ვრცელდება ინფორმაცია დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვის შესახებაც - სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ოკუპანტების იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.